top of page

ინტერვიუები და სტატიები

„პირბადეებმა არა მარტო კორონავირუსისგან იხსნა ბევრი ადამიანი, არამედ ბევრი სხვა დაავადებაც შეამცირა“

 28 ივნისი, 2021

მანანა ნოზაძე

   

პლაჟზე ნიღბის ტარება საჭირო არ არის, კორონავირუსი არის ცხიმოვან გარსში, დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, კარაქი რომ დადოთ მზის გულზე, პლაჟზე რამდენ ხანში დადნება? ვირუსის ცხიმოვანი გარსიც საკმაოდ უცბად იშლება პირდაპირი მზის სხივის მოქმედებით ამხელა სიმხურვალეზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პულმონოლოგი დავით ნანობაშვილი.

კეთდება პროგნოზი, რომ საზღვაო სეზონის შემდეგ მეოთხე ტალღა არ აგვცდება და ეპიდემიოლოგიურად მძიმე შემოდგომა გველის. ამ ფონზე რამდენად სწორი იყო პანდემიის პერიოდში დაწესებული ჯარიმების ჩამოწერა და მოქალაქეების თვითშეგნების იმედად დარჩენა?

- ყველაზე საშიში რამ, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მომხდარიყო, ეს არის ის, რაც გააკეთა ჩვენმა მთავრობამ, როდესაც წესის დამრღვევებს მოუხსნა ჯარიმები. ამით წესრიგის დამცველი, წესიერი მოქალაქეები დაგვსაჯეს და წაახალისეს რამდენიმე ათეული ათასი კანონდამრღვევი და მოურჯულებელი ადამიანი, რომლებიც სხვა ადამიანებს უქმნიდნენ საფრთხეს კორონას გავრცელების თვალსაზრისით. ამ დროს ჩვენი ხალხი ისედაც მცირე რაოდენობისაა და გადაშენების ზღვარზეა. საერთოდ, ნებისმიერი ჯარიმის და ადამიანის ხარჯის გაზრდის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ, წესით, ადამიანები უნდა დაჯარიმებულიყვნენ დანარჩენი მოსახლეობის იგნორირებისთვის, სხვა ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხიფათის შექმნისთვის. მთავრობამ ჯარიმების მოხსნით წაახალისა ეს ადამიანები. ასეთ პრეცედენტს, ალბათ, აფრიკის ქვეყნებშიც არ დაუშვებდნენ. მეორე მხრივ, ის ადამიანები, საექიმო სამყარო, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი, იგივე გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე დააყენეს მოსახლეობის წინააღმდეგ, გამოვიდა, რომ, რასაც ისინი აკეთებდნენ, თურმე „ტყუოდნენ“, ყოველ შემთხვევაში, მთავრობამ ასე გამოიყვანა და დაუპირისპირა ხალხი ექიმებს. თურმე კომენდანტის საათი, შეზღუდვები სპეციალურად იყო მოგონილი. არადა, ეს ადამიანები საკუთარი სიცოცხლის გაწირვის ფასად აკეთებდნენ ყველაფერს.

როგორ გგონიათ, ხელისუფლება ამ საექიმო სამეულის ჩანაცვლებას აპირებს?

- არ ვიცი, რა უნდათ, მაგრამ ეს არაკომპეტენტურობაა, დამრღვევების წახალისება არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. ისედაც ჩვენი ხალხი დარღვევებისკენაა მიდრეკილი, მოძრაობის წესებს არ იცავენ. იმ დღეს ბათუმიდან ვბრუნდებოდი, მივლინებაში გახლდით, რაღაც სისულელეზე გამომიწერეს ჯარიმა, საშუალო სიჩქარე გქონდა 2 კილომეტრ საათით მეტიო და იმ ხალხს, ვინც წირავდა მთელ მოსახლეობას, ჯარიმები მოუხსნეს, ისინი კიდევ დაარღვევენ წესებს. ქვეყანა მაშინ არის დაცული, როცა მისი მოსახლეობა ადეკვატურია. არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ არასდროს და არც ერთ მთავრობას არ ვემხრობი, მაგრამ ჯარიმების გაუქმება კატასტროფაა.

დახურულ სივრცეში კვლავაც რჩება პირბადის გამოყენების წესი. რამდენად აუცილებელია ამ შეზღუდვის შენარჩუნება?

- აუცილებელია, პირბადე დახურულ სივრცეშიც უნდა დარჩეს და იქაც, სადაც უშუალო კონტაქტია ადამიანებს შორის, ანუ ხანგრძლივი და ახლო კონტაქტი. ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მატჩი წავაგეთ, ამ დროს კი შეიძლებოდა, გულშემატკივართა მხარდაჭერით ჩვენი გუნდი გასულიყო ევროპის ჩემპიონატზე, რატომღაც მთავრობამ არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო, ხალხი არ შეუშვა სტადიონზე. რეალურად, შეიძლებოდა ხალხის შეშვება სტადიონზე, მოგეხსენებათ, სტადიონი პირობითად ღია სივრცეა, მაგრამ იქ შეიძლებოდა პირბადეების გამოყენება. არის ისეთი ადგილები თუნდაც ღია სივრცეებში, როდესაც ხანგრძლივი ახლო კონტაქტები ხდება ადამიანებს შორის, მაშინაც შეიძლება პირბადეების გამოყენება, დახურულ სივრცეში კი პირბადე აუცილებელია. თავიდანვე, როცა დაიწყო ეს პანდემია, მაშინვე ვთქვი, ეს ვირუსი იმ ზომისაა, შეუძლებელია, გადაეცემოდეს მხოლოდ წვეთოვანი გზით, ყველა ვარიანტში, ამ ვირუსს უნარი აქვს, რომ ჰაერში შეწონილ მდგომარეობაში რაღაც პერიოდი გაჩერდეს. ამიტომ პირბადე საჭიროა ყველა დახურულ სივრცეში, მათ შორის, ლიფტშიც, თუნდაც მარტო რომ შედიოდეთ ლიფტში, თქვენ არ იცით, ერთი წუთის წინ ვინ იყო იქ, შეიძლება, ჰაერში შეწონილი ვირუსი კიდევ იყოს დარჩენილი. ამიტომ პირბადე ყველა დახურულ სივრცეში საჭიროა.

პლაჟზე პირბადის გამოყენებას არ ითხოვენ, მაგრამ ზღვის სანაპიროზე ძალიან მჭიდროა კონტაქტები.

- ზღვაზეც დისტანცირება საჭიროა. პლაჟზე გაგანია მზეში, ღია ცის ქვეშ, როცა მზიანი ამინდია, ვირუსის გავრცელების ალბათობა თითქმის არ არის. ვირუსი ძალიან სწრაფად, წამებსა და წუთებში იღუპება. ვირუსი არის ცხიმოვან გარსში, დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, კარაქი რომ დადოთ მზის გულზე პლაჟზე, რამდენ ხანში დადნება? ცხიმოვანი გარსი საკმაოდ უცბად იშლება პირდაპირი მზის სხივის მოქმედებით ამხელა სიმხურვალეზე, მზე ცხიმს კი არა, საღებავებს შლის. ზღვაზე ძნელად წარმოსადგენია კორონავირუსი ვინმეს გადაედოს, თუ უშუალოდ თითს არ ჩაიყოფს პირში და სხვას არ ჩაუყოფს, გადადების ალბათობა თითქმის არ არის. ამიტომ არაა საჭირო პლაჟზე ნიღბის ტარება, მაგრამ პლაჟებთან არის ხოლმე ნახევრად ღია და ნახევრად დახურული კაფეები. თუ ადამიანი ამ კაფეებში საჭმელად არ შედის და დაჯდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, შეიძლება პირბადე გაიკეთოს.

21 წლის ასაკიდან მოქმედი ქირურგი გახლდით, იყო ოპერაციები, რომლებიც 4-5-7 საათი გრძელდებოდა, პირბადეს იქ ხომ ვერ მოიხსნი, ავადმყოფს ხომ ვერ ეტყვი, პირბადეს მოვიხსნი, დავჯდები, დავისვენებ, ცოტა ხანში შემოვალო? ქირურგი 7 საათი არ იხსნის პირბადეს, მაგრამ ერთი შემთხვევაც არ მახსოვს, პირბადის გამო ვინმე ან დამხრჩვალიყო, ან ცუდად გამხდარიყო. პირბადის გაკეთება უმტკივნეულო რამეა.

ანუ პირბადე მთელი ზაფხული უნდა გვეკეთოს დახურულ სივრცეში?

- დახურულ სივრცეში უნდა გვეკეთოს, თუმცა დახურულ სივრცეში ცივილიზებულ სამყაროში უმეტეს ადგილას კონდიცირება ხდება. კონდიცირების დროს არ არის ისეთი მაღალი ტემპერატურა, რომ ვიფიქროთ, ვირუსი მალე დაიშლება. უფრო მეტიც, კონდიციონერს უნარი აქვს, ჰაერში შეწონილი ვირუსები დაატრიალოს და კიდევ უფრო დიდ მანძილზე გაავრცელოს, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როცა არის ისეთი სახის კონდიციონერი, რომელსაც გარედან ახალი ნაკადი შემოაქვს და ძველი ნაკადი გარეთ გადის, ანუ რეცირკულაციას კი არ აკეთებს, შიგნით კი არ ატრიალებს ჰაერს, არამედ გარედან შემოაქვს ჰაერი. მაგალითად, თანამედროვე მატარებლებშიც ასეა, იქ რეცირკულაცია არ ხდება, არამედ გარედან შემოაქვს ჰაერი და გააქვს. ასეთ შემთხვევაში, ხიფათი უფრო ნაკლებია, მაგრამ თეორიული ხიფათი მაინც არსებობს.

ალბათ, ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ გამოწვევად ქუჩაში დაუბანელი ხელებით საკვების მიღებაა, მით უმეტეს, კორონაპერიოდში.

- ეს ხიფათი ყოველთვის იყო, მანამდეც, სანამ კოვიდი იქნებოდა. ძირითადი ინფექციები, მათ შორის, კუჭ-ნაწლავის ინფექციები, სალმონელოზი ამის შედეგია. ამას ადამიანები რატომღაც იგნორირებას უკეთებენ. რომ იცოდეთ, ისეთი სახიფათო დაავადებები, როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნეების გარკვეული ფორმები, ვირუსული წარმოშობისაა. ეს ვირუსები, ზოგიერთი მათგანი მაინც, ასევე, ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ამიტომ პირბადე მარტო ერთ ხიფათს კი არ გვაცილებს, არამედ ბევრ ხიფათს. რამდენიმე წლის შემდეგ ეს სტატია გადაიკითხეთ, რადგან დადგება მომენტი, როცა მეცნიერები დაადასტურებენ, რომ პირბადეებმა არა მარტო კორონასგან იხსნა ბევრი ადამიანი, არამედ ბევრი სხვა დაავადების სტატისტიკაც გაუმჯობესდება, ანუ სხვა დაავადებებიც შემცირდება. პირბადე მარტო კოვიდისგან არ გვიცავს, ბევრ ადამიანს დაიცავს ავთვისებიანი პროცესებისგან, სხვადასხვა გადამდები დაავადებისგან.

ზოგიერთები აპროტესტებენ, რომ ვაქცინაციის მიუხედავად, ნიღბის გაკეთებას მაინც სთხოვენ.

- ბევრი ადამიანი მეც შემომჩივის, აცრილი ვარ და ნიღაბს რატომ მაკეთებინებენ? აცრილი რომ არის ადამიანი, ეს საკუთარი თავის დაცვაზეა გათვლილი, მაგრამ იგივე აცრილი ადამიანი შეიძლება ვირუსის გადამტანი იყოს, ანუ თავად შეიძლება არ გამოუვლინდეს, მაგრამ ვირუსი შეიძლება ატაროს და სხვას შეჰყაროს. ამიტომ პირბადე ყველა ვარიანტში აუცილებელია. მე პირადად არ ვარ აცრილი, მაგრამ ვიყენებ მცენარეული იმუნური სისტემის გამაძლიერებელ საშუალებებს, მიუხედავად კონტაქტებისა, არ მემართება ვირუსი, რადგან იმუნური სისტემა მწყობრში მაქვს. ჯერ კიდევ კოვიდი არ იყო, როცა ნათქვამი მაქვს ჩემს წლების წინანდელ პრეზენტაციებზე, რომლებიც „იუთუბზეა“, სამყარო იცვლება, მათ შორის, იცვლება მიკროსამყაროც, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები. მიკროსამყარო, რომელსაც ჩვენ შეუიარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ, ის სამყაროც ცოცხალია, ისინიც ევოლუციას განიცდიან და ვითარდებიან. ამავე დროს, როგორც ჩვენ დაცვის საშუალებებს ვაძლიერებით მათ წინააღმდეგ, ისინიც იცავენ ჩვენგან თავს, რომ არ დაიხოცონ. ცოცხალ არსებებს ყველას ერთი პრინციპი აქვს-თვითგადარჩენის. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ კოვიდზე უარესი პრობლემა, სავარაუდოდ, კიდევ იქნება. შეიძლება დადგეს მომენტი, როცა ანტიბიოტიკი ბაქტერიას აღარ მოკლავს და მაშინ კოვიდი მონაგონი იქნება. ვირუსი კიდევ ისე სახიფათო არ არის, როგორც ბაქტერია. ახლა სიკვდილიანობით მეორე ადგილზეა ტუბერკულოზი, რადგან ტუბერკულოზის ჩხირი, ზოგ შემთხვევაში, არის რეზისტენტული ფორმა, რომელიც არაფრით არ კვდება და, პრაქტიკულად, განწირულია ადამიანი. სიმსივნის შემთხვევაში, ზოგჯერ შეიძლება ადამიანი გადაარჩინო, მაგრამ ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმა ძალიან მძიმე შედეგს იწვევს. შეიძლება დადგეს მომენტი, ნებისმიერი ბაქტერიული ინფექცია გამძლე გახდეს ანტიბიოტიკების და სხვადასხვა საშუალებების მიმართ და მერე უკვე ნებისმიერი სახის ინფექცია დამღუპველი აღმოჩნდეს ადამიანისთვის. მსოფლიო ქმნის ახალ-ახალი თაობის ანტიბიოტიკებს, რადგან ძველ ანტიბიოტიკებს ეჩვევა ვირუსი და აღარ კვდება. ასე რომ, მიკროსამყარო ძლიერდება.

bottom of page